საგნობრივი პროგრამა
ქართულ ენასა და ლიტერატურაში
1. ზოგადი ნაწილი
ა) შესავალი
ქართული
ენისა და ლიტერატურის სტანდარტის ბირთვს წარმოადგენს ენა, როგორც პიროვნების
თვითგამოხატვის, აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის საშუალება. ენობრივი უნარ-ჩვევები
უნდა წარმოვიდგინოთ არა როგორც მათი შემთხვევითი ნაკრები, არამედ როგორც ერთი მთლიანი
სისტემა. მან ხელი უნდა შეუწყოს პიროვნების პირადი, ცხოვრებისეული, სოციალური თუ პროფესიული
სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევის პროცესს, ვინაიდან ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი
სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ, სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების
ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა.
ბ) ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიზნები და ამოცანები
პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო
და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. ის ქმნის
იმ ძირითად ბაზისს, რომელსაც ეფუძნება ადამიანის თავისუფალი განვითარების მთელი შემდგომი
პროცესი. სწორედ ამის გათვალისწინებით განისაზღვრება ქართული ენისა და ლიტერატურის
სწავლების ძირითადი მიზნები:
·
განუვითაროს მოზარდს ძირითადი სამეტყველო უნარები
(წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);
·
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
·
განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით
გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი;
·
ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური
აზროვნების უნარი;
·
შეაყვაროს კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც
სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი;
·
გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა,
როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი.
საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე,
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ამგვარ ამოცანებს წარმოადგენს:
·
კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება;
·
ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება;
·
აზრის ცხადად, ლაკონიურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვის უნარის ჩამოყალიბება;
·
მსჯელობის უნარის განვითარება;
·
სააზროვნო მოქმედებათა (ანალიზი, შედარება, განზოგადება)
განვითარება ენობრივ (ტექსტობრივ) საფუძველზე;
·
ფუნქციურად და შინაარსობრივად მრავალფეროვანი ტექსტების
შესწავლისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბება;
·
ტექსტებთან შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულების
გამომუშავება;
·
დისკუსიებში მონაწილეობა, მონოლოგური და დიალოგური
მეტყველების უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბება;
·
ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;
·
საგანმანათლებლო მიზნით სხვადასხვა რესურსით (ლექსიკონები,
ბიბლიოთეკა, ინტერნეტი და სხვ.) სარგებლობა;
·
სამეტყველო ეტიკეტის ნორმების დაცვა;
·
ტექსტის აგების კანონზომიერების გათვალისწინებით
ტექსტის შექმნა;
·
მიზნობრივი ამოცანის შესატყვისი სტილით წერა და
მეტყველება;
·
ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნორმების სათანადოდ
გამოყენება;
·
სხვადასხვა სახის, სტილისა და ჟანრის ტექსტების
ანალიზისა და შექმნის უნარის გამომუშავება;
·
მწერლის შემოქმედების გააზრება სუბიექტური (მწერლის
ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები და მომენტები) და ობიექტური (ეპოქის ზოგადი კონტექსტი)
ფაქტორების გათვალისწინებით;
·
ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემატიკის
მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი
არგუმენტირება;
·
ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახული ფასეულობების
აღქმა-გააზრება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
·
ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და
უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის გააზრება.
გ) საგნის სწავლების
საფეხურების დახასიათება
1.
დაწყებითი საფეხური (I-VI კლასები)
დაწყებითი სწავლება მოიცავს ექვსწლიან ციკლს. სკოლის ეს პერიოდი მოითხოვს
სწავლების ამოცანების წარმოდგენას ინტეგრირებული, კოორდინირებული სახით. ამდენად, ამ
შემთხვევაში წამყვანი პრინციპია საგნის (ენისა და ლიტერატურის) შინაარსობრივი ერთიანობა.
დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს
უნდა შეეძლოს:
ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება:
· სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გადმოცემა;
· წაკითხული წინადადებებისა და ტექსტის კონსტრუირება;
· სხვადასხვა სახის ტექსტების შეგნებულად და გააზრებულად კითხვა;
· ტექსტებში მოცემული გრამატიკული კონსტრუქციების გამოყოფა და სათანადო ინტერპრეტაციით
წარმოდგენა;
· მისთვის ნაცნობ თემებზე სხვადასხვა ხასიათის ტექსტების გამართულად წერა;
· გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის პრაქტიკულად აუცილებელი მინიმუმის შეგნებულად
გამოყენება.
ენის კომუნიკაციური ასპექტების გაგება-გამოყენება:
· სხვადასხვა სამეტყველო სიტუაციაში ადეკვატურად რეაგირება;
· კამათის, დისკუსიისა და მსჯელობის სტრატეგიების გამოყენება;
· საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების კორექცია და დახვეწა კომუნიკაციის ეტიკეტური ნორმების
მიხედვით;
· კითხვის ძირითადი სტრატეგიების დაუფლება;
· სხვადასხვა ხასიათის, მიზნისა და დანიშნულების წერილობითი ტექსტების შეთხზვა.
მხატვრული
ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა:
· სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრის ტექსტების მოსმენა, წაკითხვა და საკუთარი ემოციებისა და აზრის გამოხატვა;
· მოსმენილი ან წაკითხული მხატვრული ნაწარმოების დაკავშირება პირად გამოცდილებასთან;
· ტექსტის ეპიზოდების ერთმანეთთან დაკავშირება
და მთავარი თემის განსაზღვრა;
· გმირის საქციელის შეფასება;
· მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და მათი ფუნქციის ახსნა;
· მხატვრული ტექსტების შექმნა;
·
საკუთარი ინტერესების მიხედვით საკითხავი ლიტერატურის შერჩევა.
მშობლიური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე ემსახურება თვითგამოხატვისათვის აუცილებელი
ენობრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას სწავლების ყველა ძირითადი - ზეპირმეტყველების,
კითხვისა და წერის - მიმართულებით. ამავე
დროს, ეს პროცესი გულისხმობს იმ მინიმალური ლინგვისტური კომპეტენციის ფორმირებას, რომელიც ენის პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით არის აქტუალური
და შეესაბამება მოსწავლის ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და ინტერესებს.
მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლება დაწყებით სკოლაში ეფუძნება მდიდარ
ტექსტურ კორპუსს - სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს.
ტექსტების ნაირსახეობა ქმნის იმ აუცილებელ თემატურ გარემოს, რომლის გაცნობამაც
მოსწავლე უნდა მოამზადოს ცხოვრებისეული ურთიერთობებისათვის. მოსწავლეები უნდა დაეუფლონ მხატვრული,
შემეცნებითი და ყოფითი ტექსტების შექმნის, აღქმისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს. მათ უნდა ისწავლონ ტექსტების დამოუკიდებლად
შედგენა, ტექსტებში მოცემული საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მათი ანალიზი
და შეძლონ დამოკიდებულებების (პოზიციისა და შეფასებების) თავისუფლად გამოხატვა.
ე) ქართული ენისა და ლიტერატურის
სწავლების მიმართულებების
აღწერა
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების
ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების
განვითარება. ეს მიმართულებები სამ ძირითად საგნობრივ სფეროში ჰპოვებს რეალიზებას.
ესენია: ენა, როგორც ინფორმაციის გაგების, ანალიზისა და შეფასების საშუალება
(ენა საინფორმაციო მიმართულებით), ენის კომუნიკაციური ასპექტები
(ზეპირი და წერილობითი არამხატვრული ტექსტები) და ლიტერატურა, როგორც ენის ესთეტიკური
გამოვლინება.
უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული მიმართულებები:
· ზეპირმეტყველება. ეს მიმართულება ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ
სამეტყველო ქცევას აერთიანებს. ესენია: მოსმენა და ლაპარაკი. ამ სამეტყველო ქცევებთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების თანამიმდევრული განვითარება მიზნად
ისახავს თავისუფალი, თანამედროვე კომუნიკაციისათვის მზადმყოფი პიროვნების ჩამოყალიბებას.
ეს გულისხმობს ზეპირი მეტყველების, აზრის გამოხატვის
უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის, სოციალური კომუნიკაციისა
და ინტერაქტიური უნარების განვითარებას. მათი განვითარება საფუძველს უყრის ჰუმანური,
ტოლერანტული, სხვათა აზრის დამფასებელი პიროვნების
აღზრდას.
· კითხვა. კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია, რაც სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელ
პირობას წარმოადგენს. ეს მიმართულება ემსახურება მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან
ზიარებას; ამასთანავე, ნაირგვარი წერილობითი ტექსტის
წაკითხვის, მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების
გამომუშავებას. სწავლის პროცესში მოსწავლემ უნდა გამოიყენოს
კითხვის ძირითადი სტრატეგიები, რათა შეეძლოს ტექსტის შერჩევა, მასში სასურველი ინფორმაციის
დამოუკიდებლად მოძიება, კრიტიკული კითხვა, გრამატიკული, სტატიკური და კონტექსტური მონაცემების
გამოყენება ტექსტის ღრმად წვდომის მიზნით; სპეციალური საძიებლებისა და ლექსიკონების გამოყენება, ტექსტების
სწრაფი და დიფერენცირებული კითხვა, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მონაცემთა ანალიზი და დასკვნების გამოტანა.
· წერა. ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემა, წერის კულტურის ჩამოყალიბება
პიროვნების ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზაციის აუცილებელი პირობაა. მოსწავლემ
უნდა შეძლოს ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა და განვითარება, აზრებისა
და დამოკიდებულებების გამოხატვის ენობრივ-სტილისტური
საშუალებების დაუფლება, მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება (წინასწარი გეგმის
შედგენა, საკვანძო სიტყვების შერჩევა, „შავი“ ხელნაწერის გასწორება-რედაქტირება და ა.შ.). მოსწავლე უნდა დაეუფლოს აზრის წერილობით ჩამოყალიბების უნარ-ჩვევებს,
აგრეთვე მკაფიო ხელწერას, მართლწერისა და პუნქტუაციის სავალდებულო ნორმებს.
No comments:
Post a Comment